Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: "ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც დიდი ხანია ამოწურეს საკუთარი თავი"


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

რადიო თავისუფლების გადაცემაში "დილის საუბრები" არჩევნების შემდგომ პოლიტიკური კოალიციის შექმნის საკითხზე საუბრისას, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობას არ აპირებს და "ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც დიდი ხანია ამოწურეს საკუთარი თავი". დავით უსუფაშვილის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას კარგი ოპოზიციის როლის შესრულება შეუძლია ხოლმე და ამისათვის მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" მზადაა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის მმართველობა და მათი ხანა ზოგადად პოლიტიკური 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეხმარებით ივანიშვილს, რომ გააგრძელოს მმართველობა, ან სააკაშვილს, რომ დაიბრუნოს მმართველობა. ეს არის „ლელოს“ სადამფუძნებლო პრინციპი. ჩვენ აქ არ გვაქვს პერსონალური პრობლემები ერთსაც და მეორესაც ჰქონდა საკმარისი დრო რომ ქვეყანა ემართა. და კარგიც გაეკეთებინა და ცუდიც გაეკეთებინა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, პარტია ითანამშრომლებს მათთან, ვინც მზადაა მათი პრინციპები გაიზიაროს:

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ კოალიციას იმ ხალხთან, ვინც იქნება მზად რომ ჩვენი მარშალის გეგმა მათ დაიდონ გვერდზე ჩვენ მათ გეგმას დავიდებთ გვერდზე და შევაჯერებთ რა გამოვა აქედან ქვეყნისთვის სასიკეთო. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო გამოვიყვანოთ უმძიმესი კრიზისიდან. ამ უმძიმეს კრიზისს სჭირდება ძალიან ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა. ჩვენ პარლამენტში და ზოგადად სახელისუფლებო სისტემაში არ გვექნება პრობლემა ქვეყნის სასიკეთოდ თანამშრომლობის. გარდა იმ ხალხისა, ვისაც პროკურორებთან ექნება საქმე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ არ აპირებს სხვისი პირობებით ითანამშრომლოს:

„ამ პირობებში არის როგორც სამოქმედო გეგმა, ასევე პოლიტიკური ლიდერების თემა. ეხლა ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა სია და ბუბა კიკაბიძეა პირველი ნომერი, მაგრამ იმდენი ჭკუა გვყოფნის ვიცოდეთ, რომ ბუბა კიკაბიძე არ იქნება განმსაზღვრელი ამ გუნდის პოლიტიკის ხვალ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

"ლელო საქართველოსთვის" 2019 წელს "ლელომ", "შენების მოძრაობამ" და "ახალმა მემარჯვენეებმა დააფუძნეს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG