Accessibility links

Freedom House-ი: პანდემია მსოფლიოში დემოკრატიის კრიზისს აღრმავებს


COVID-19-ის პანდემიამ გააღრმავა დემოკრატიის კრიზისი მთელს მსოფლიოში, მთავრობებს საშუალება მისცა, ჩაეშალათ არჩევნები, ჩაეჩუმებინათ კრიტიკოსები და პრესა და ძირი გამოეთხარათ ანგარიშვალდებულების პრინციპისთვის, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. ამის შესახებ Freedom House-მა განაცხადა 2 ოქტომბერს.

პანდემიის დაწყების შემდეგ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარება 80 ქვეყანაში გაუარესდა, ვკითხულობთ ახალ ანგარიშში Democracy Under Lockdown („დემოკრატია ‘ლოკდაუნის’ პირობებში“), რომელიც დემოკრატიის მეთვალყურე ამ ამერიკული ორგანიზაციისა და კომპანია GQR-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ემყარება.

ანგარიშში გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ განსაკუთრებული გაუარესება შეიმჩნევა სუსტ დემოკრატიებსა და ძალიან რეპრესიულ სახელმწიფოებში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების ბოროტად გამოყენებამ არაპროპორციულად ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ჯგუფებზე, რომლებიც უკვე იყვნენ მარგინალიზებული.

60 პროცენტზე მეტმა პესიმისტური პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებზე პანდემიის ზეგავლენა ქვეყნებზე, რომლებიც მათი ყურადღების ცენტრშია, ძირითადად უარყოფითი იქნება შემდგომი სამი-ხუთი წლის განმავლობაში.

ექსპერტებმა გამოყვეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდის ოთხი ძირითადი პრობლემა: ვირუსთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და ინფორმაციის დეფიციტი, კორუფცია, მოსახლეობის სუსტი ნაწილის არასაკმარისი დაცვა და მთავრობების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG