Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: დიდ ქალაქებში რეკომენდებულია დისტანციურად მუშაობა


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება რეკომენდაცია სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

ამ საკითხზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით „სადაც ამის საშუალება არის, სასურველია, დასაქმებულები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე“.

მისივე თქმით, სასურველია აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც გამოიყენოს.

„რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარასთან და დიდ ქალაქებთან მიმართებით ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთ რეკომენდაციაზე ისაუბრა და ის ხანდაზმულებს შეეხედობა.

„ხანდაზმულებმა და ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ და ის სლოგანი რაც გაზაფხულზე გვქონდა -„დარჩი სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ასევე დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა. აქედან აჭარაში დადასტურდა 297 შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გარდაიცვალა 46 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 46 ადამიანი.

.

XS
SM
MD
LG