Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესზე 


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დებატების გარეშე შეაფასა.

განცხადების თანახმად, კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს.

ამასთან, მინისტრთა კომიტეტი მიესალმება, რომ სახალხო დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება.

გადაწყვეტილებას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილი. „მინისტრთა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის „გამოძიება“, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 2018 წლიდან განაახლა აღნიშნულ ფაქტზე და დღემდე მიმდინარეობს, წარმოადგენს ფიქციას და მისი მიზანი არის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება", - წერს ყოფილი შს მინისტრი.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა.

მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG