Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს არჩევნების და დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო


აშშ-მა და ევროკავშირმა 2 ოქტომბერს სანქციები დაუწესეს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან და დემონსტრანტებზე და ოპოზიციაზე განხორციელებულ სასტიკ ზეწოლასთან. სანქციების დაწესებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ბელარუსის და მისი მოკავშირე რუსეთის მხრიდან.

ბელარუსმა ამას მყისიერად უპასუხა იმ პირთა სიის შედგენით, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ევროკავშირს ბრალი დასდო ბელარუსისთვის "სადამსჯელო ზომების" გატარებაში იმის გამო, რომ ის "არ დაემორჩილა ულტიმატუმის ფორმის მოთხოვნებს, რომელსაც საკუთარი თავის პატივისცემის მქონე ვერც ერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს".

თითქმის ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელებული დიპლომატიური სამუშაოს შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა ბოლოს მოახერხეს გადაელახათ კვიპროსის მიერ შექმნილი ჩიხი და ბრიუსელში 2 ოქტომბერს გამართულ სამიტზე ისინი შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე ბელარუსის 40 ოფიციალური პირის წინააღმდეგ.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა ბლოკის აღმასრულებელ შტოს, ევროპის კომისიას მოუწოდეს "მოამზადოს ყოვლისმომცველი გეგმა დემოკრატიული ბელარუსის ეკონომიკური მხარდაჭერისთვის".

ევროკავშირის სანქციები ეხება ბელარუსის ოფიციალურ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციასა და უშიშროების სამსახურებში, იმ სასტიკი რეპრესიების გამო, რომლებიც განხორციელდა დემონსტრანტების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, აგრეთვე საარჩევნო ადმინისტრაციის მესვეურებს, რომლებსაც 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ამ არჩევნებმა ალექსანდრ ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნა გამარჯვება.

თავად ლუკაშენკა სანქციების სიაში არ არის, თუმცა ევროკავშირის დიპლომატები ამბობენ, რომ ის სიას შესაძლოა მოგვიანებით დაემატოს.

კოორდინირებული ზომის სახით, აშშ-ის დიპლომატებმა ბელარუსის რვა ოფიციალურ პირს დაუწესეს სანქციები, საგარეო საქმეთა მინისტრის ჩათვლით - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG