ბოლო 24 საათში დადასტურებული 554 შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარის რეგიონში აღირიცხა - ამის შესახებ 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.
„კვლავ აჭარაშია ყველაზე მეტი - 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ. თბილისში 65-ია. იმერეთში გახლავთ 63 პაციენტი. სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია. ქვემო ქართლში არის - 11 პაციენტი, ხოლო შიდა ქართლსა და გურიაში - 6-6 პაციენტია; მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში გახლავთ ერთი პაციენტი“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 8118-ს გაუტოლდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 3874-ს შეადგენს.
„3874 პაციენტიდან 44 გახლავთ კრიტიკულად მძიმე. მათ შორის, 41 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. 9 პაციენტი გადმოყვანილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან“ - განაცხადა ენდელაძემ.
კარანტინის რეჟიმში ამჟამად იმყოფება 5392 პირი, ხოლო კლინიკებში 836 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი 50-ს გაუტოლდა.