Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19-ით აჭარაში 90 წლის კაცი გარდაიცვალა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილია 90 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თანნხლები დაავადებები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა კლინიკაში შეყვანისთანავე.

"პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი... ანამნეზში აღენიშნებოდა პარკინსონის დაავადება" - გარდაცვლილი პაციენტის შესახებ აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოში აღრიცხული 554 ახალი შემთხვევიდან აჭარის რეგიონზე 370 შემთხვევა მოდის.

აჭარის 9 სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად COVID 19-ით ინფიცირებული 462 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაშია 23 პაციენტი. საავადმყოფოებში თავისუფალია კიდევ 61 საწოლი.

COVID 19-ისთვის გამოყოფილ სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 735 უსიმპტომო პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა 459-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ბოლო 24 საათში, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8118-ს გაუტოლდა. აქედან, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად იმყოფება 5392 პირი, ხოლო კლინიკებში 836 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი 50-ს გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG