Accessibility links

site logo site logo

ენმ-ის დაკავებული აქტივისტი თავს დაზარალებულად თვლის


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, არიფ იუსუფოვი ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციას თავად ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს ღამით, სოფლის მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია იუსუფოვის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს.

როგორც თავად არიფ იუსუფოვმა განაცხადა, პოლიციელებს არ გაჰყვა იმიტომ, რომ მათ არ ენდობა და ავტომობილით მგზავრობისას მისთვის შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაედოთ.

არიფ იუსუფოვის დაკავება 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება. შს სამინისტროს მიერ 3 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, 34 წლის იუსუფოვს გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტის გამო ედავება.

„მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა“ - აცხადებს შს სამინისტრო.

არიფ იუსუფოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი განცხადებით, მომხდარ ინციდენტში თავად იყო დაზარალებული.

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სოფლის მკვიდრთა ინფორმაციით, სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში იუსუფოვს თავს დაესხნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის მხარდამჭერები.

როგორც ჩაიხანის მეპატრონემ განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“, იუსუფოვი ჩაის სვამდა თანმხლებ პირთან ერთად, რა დროსაც მას თავს დაესხა ადამიანების ჯგუფი გოგი მეშველიანის ძმის ხელმძღვანელობით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნახიდურის მკვიდრთა წინააღმდეგობის ფონზე, 3 ოქტომბერს კიდევ ერთი საქმე აღიძრა - "აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს".

სოფელ ნახიდურის მოსახლეობა არიფ იუსუფოვის გათავისუფლებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG