Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" 2-2 მხარდამჭერი


შს სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებულია ოთხი პირი. აქედან ორი „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და აქტივისტია.

27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი - არიფ იუსუფოვი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს“.

29 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაკავებულია ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მარნეულის საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე. გამოძიების ინფორმაციით, მან საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

მანამდე, 3 ოქტომბერს, პოლიციამ „ქართული ოცნების“ ორი მხარდამჭერი დააკავა - გიორგი შალამბერიძე და მარნეულის ავტოპარკის დირექტორი გიორგი ჯალაღონია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა "იძალადეს პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ".

როგორც 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ - „ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ბორცვაძის თმით, „შს სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“; უწყება არ დაუშვებს „საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას“ და მკაცრ რეაგირებას მოახდენს „ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“.

4 ოქტომბერს ლაშა ქველაძე პოლიციაში იყო დაბარებული და წინასწარვე ვარაუდობდა, რომ მას დაკავებას უპირებდნენ.

29 სექტემბრის საღამოს, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. იმ დროს საპროტესტო აქციას მართავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

ცემის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა „მთავარი არხის“ ადგილობრივი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ზაზა ბარამიძესაც. გადამღებ ჯგუფებს დაუმტვრიეს კამერები.

ინციდენტის შედეგად, ლაშა ქველაძე საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მის მამას, გივი ქველაძესაც.

ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში ლაშა ქველაძე „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებდა. მარნეულში საპროტესტო აქცია იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG