Accessibility links

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომეხთა ძალები ქალაქ განჯას ბომბავენ, სომხეთი ამას უარყოფს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ სომხური ძალები რაკეტებით ბომბავენ მის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას. სომხეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მან "რაიმე ტიპის" ცეცხლი მიმართა აზერბაიჯანისკენ, თუმცა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ მისმა ძალებმა განჯაში სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ განჯა - დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე, 330,000-მდე მოსახლიანი ქალაქი - და სამოქალაქო პირებით დასახლებული კიდევ რამდენიმე ადგილი საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ აზერბაიჯანის არმია ატარებს "ადეკვატურ საპასუხო ზომებს".

თავდაცვის მინისტრი, ზაკირ ჰუსეინოვი ამბობს, რომ სომხეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბობმვა წარმოადგენს ღია პროვოკაციას, რომელიც ბრძოლის არეალს აფართოებს და დასძენს, რომ აზერბაიჯანმა "საპასუხო ზომები" გაატარა, თუმცა მათ არ აკონკრეტებს.

სააგენტო "ფრანს პრესი" ადგილზე მყოფ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 4 ოქტომბერს, დილით ადრე მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებები იყო.

ვრცელდება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არტსრუნ ჰოვანისიანის სიტყვები, რომ "აზერბაიჯანის ძალები სტეფანაკერტში სამოქალაქო პირებით დასახლებულ სამიზნეებს რაკეტებს ესვრიან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG