Accessibility links

Wizz Air-მა შეასრულა ავიარეისები რიგა-ქუთაისი და ქუთაისი-რიგა


6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა რეგულარული ავიარეისების შესრულება საქართველოსა და ლატვიას შორის. როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რიგიდან ჩამოფრინდა 108 მგზავრი, საიდანაც 96 - საერთაშორისო ვიზიტორია, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს 12 მოქალაქე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში.

რიგის მიმართულებით შესრულებული ავიარეისით კი, 4 ოქტომბერს 131-მა მგზავრმა ისარგებლა. ლატვიაში გამგზავრების მსურველებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. ასევე, საქართველოდან ლატვიის რესპუბლიკაში ჩასული პირები ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და რიგას შორის ავიარეისებს ამ ეტაპზე მხოლოდ კვირაში ერთხელ შეასრულებს. „ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“ - აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის შემუშავებული ეროვნული რეგულაციებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინების შესაბამისად.

რეგულაციების თანახმად:

  • ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები.
  • ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვნისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში.
  • პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია.
  • მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული რეისები ხორციელდებოდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.

„აეროპორტი მზად არის COVID 19-ის ეპიდემიის დროს დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით მოემსახუროს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს“, - აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე, ლევან ცხადაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG