Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი: დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანი, პეტერ სტანო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ განცხადების ტექსტის თარგმანს:

"საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის გადასინჯვაზე. ევროკავშირს და სხვა მნიშვნელოვან დამკვირვებლება არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება ამ არჩევის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.

დასანანია, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობაზე - რომელიც [პარლამენტმა] თავად მოითხოვა, და რომელსაც რამდენიმე დღეში ელიან. ეს პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ევროკავშირი განიხილავს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და საქართველოსგან მოელის არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.

სასამართლო ხელისუფლებაში ეთიკის და პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს სანდოობისთვის, მისი მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ისევე, როგორც ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG