Accessibility links

site logo site logo

მოწამვლის შემდეგ თავის პირველ ვიდეოინტერვიუში ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება


ალექსეი ნავალნი (მარცხნივ) ინტერვიუს აძლევს ბლოგერ იური დუდს.

რუსეთის ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოწამვლის შემდეგ პირველად მისცა ვიდეოინტერვიუ. ის მეუღლესთან, იულიასთან ერთად ესაუბრა YouTube-ის პოპულარული არხის წამყვანს, ჟურნალისტ იური დუდს.

ნავლანიმ თქვა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. „ყველაფერი კარგად იქნება და მოვრჩები,“ თქვა მან. მისი სიტყვებით, ექიმებს უკვირთ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

თავისი მოწამვლის შესახებ საუბრისას ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ მოხვდა მის ორგანიზმში შხამი. პრაქტიკულად დადგენილია, რომ მოწამვლა მოხდა სასტუმროში. უფრო სავარაუდოა, რომ ის ხელით შეეხო რომელიღაც საგანს, რომელზეც შხამი იყო მოთავსებული, მაგრამ რომელს, ჯერჯერობით არავინ იცის.

იულია ნავალნაიამ თავისი გადაწყვეტილება, მეუღლე სამკურნალოდ უცხოეთში წაეყვანა, ახსნა „ადმინისტრაციული ზეწოლით“ და იმით, რომ რუსეთში არავინ იტყოდა სიმართლეს იმის მიზეზებზე, რაც ალექსეი ნავალნის შეემთხვა. თავად ნავალნის მიაჩნია, რომ ომსკში ის ალბათ ვერ გადარჩებოდა, ანდა მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.

ნავალნის აზრით, ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მას არ უშვებდნენ რუსეთიდან, ვინაიდან ელოდნენ, რომ ის გარდაიცვლებოდა, ან მის ორგანიზმში მომწამლავ ნივთიერებას აღმოაჩენდნენ.

ნავალნიმ უარყო კრემლის მხარდამჭერი მედიის ერთ-ერთი ვერსია იმის შესახებ, რომ მან თითქოს კუსტარულად გამოხდილი არაყი დალია.

ნავალნის თქმით, მისი ნომრიდან ნივთები, მათ შორის ბოთლი, რომელზეც, როგორც აცხადებენ, მოგვიანებით მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალი იპოვეს, ფსბ-ს თანამშრომლებმა ექიმებისთვის გადასაცემად შეაგროვეს. „ისინი სამხილს კი არ აგროვებდნენ, არამედ ისინი ყოველი შემთხვევისთვის მოაგროვეს“, თქვა ნავალნიმ. მისი სიტყვებით, არავინ მოელოდა, რომ ის შეიძლება მოეწამლათ სწორედ „ნოვიჩოკით“, და თავიდან არც თვითონ ნავალნის სჯეროდა ეს.

ნავალნიმ დაადასტურა თავისი ვერსი იმის თაობაზე, რომ ის მოწამლეს პუტინის მითითებით, მოწამვლასთან კი, დიდი ალბათობით, დაკავშირებული იყვნენ ფსბ-სა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. ოპოზიციონერის თქმით, პუტინის კავშირზე რამდენიმე გარემოება მიუთითებს - პირველ რიგში ის, რომ შეუძლებელია, „ნოვიჩოკზე“ ხელი მიუწვდებოდეს ვინმეს სპეცსამსახურების გარდა.

მან ასევე დასვა შეკითხვა, მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG