Accessibility links

კახა კალაძე: ძველი იპოდრომის ადგილას ახალი პარკის მშენებლობას 19 ოქტომბერს ვიწყებთ


ახალი იპოდრომის ადგილას მოსაწყობი პარკის ესკიზი

ქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" ძველი იპოდრომის ტერიტორიის ქალაქის გადაცემისთვის და დაასახელა თარიღი, როცა ამ ადგილას ახალი პარკის გაშენება დაიწყება. მერის ცნობით, სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და დაახლოებით 2 წელს გასტანს, "რამდენიმე ათეულ მილიონს" კი, რაც ამ პროექტისთვის არის საჭირო, ფონდი "ქართუ" გადაიხდის.

“ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, დაახლოებით 36 ჰექტარი, თბილისს აჩუქა, დაახლოებით 8 ჰექტარი კი, ამ ადგილის ყველაზე გამწვანებული ადგილი კვლავ მის საკუთრებაში რჩება. ძველი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და მას ძველი მეპატრონისგან ამ ტერიტორიის ყიდვისას გადმოჰყვა ვალდებულება ამ სარეკრეაციო სივრცეში პარკის მოწყობის შესახებ.

კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოიტანს ძველი იპოდრომის სიახლოვეს მდებარე გაუქმებულ ჩოგბურთის კორტებს აუქციონზე იმ პირობით, რომ მისი მფლობელი 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ააშენებს 4 კორტს, 1 ღია ან დახურულ აუზს და სავარჯიშო დარბაზს.

„ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული, სადაც მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო და რა თქმა უნდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც მერიაში უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, პირადად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იყო ჩართული, ჩვენი თანამშრომლები და მეც ამ მოლაპარაკებებში ვიყავით ჩართული, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია იმ შედეგს, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს და გაგვეკეთებინა ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება, განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე კორტების ადგილი აღვადგინოთ თავდაპირველი სახით, სადაც ყველა ადამიანს, იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სპორტული კომპლექსით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კორტების ტერიტორია ქალაქს აუქციონზე ერთხელ უკვე ჰქონდა გატანილი. 7174 კვ. მ. ფართი 5, 7 მლნ. ლარად იყიდებოდა, თუმცა მისით არც ერთი ბიზნესმენი არ დაინტერესებულა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი უშედეგოდ 2020 წლის 29 მაისს დასრულდა. მერიის აუქციონის პირობები უცვლელი რჩება. კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობას ქალაქის მთავრობა 2018 წლიდან ცდილობს.

ასევე ნახეთ:

როგორ აჩუქა ივანიშვილმა თბილისელებს მათივე იდეა წინასაარჩევნოდ

როგორი იქნება თბილისური ცენტრალური პარკი ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG