Accessibility links

გახარია გარეჯის საქმეზე: არ წყდება საკითხის პოლიტიზირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო საკითხის პოლიტიზირება არ წყდება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ეს მიუღებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის... ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება საქართველოს საშინაო საქმეა და გამოვლენილი გარემოებები ვერ დააზიანებს სტრატეგიულ პარტნიორობას.

"ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი", - დასძინა მან.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG