Accessibility links

ნატალია ილიჩევას ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და იმედია სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებს


საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დაკავებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩევას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, მას არაფერი დაუმალავს და რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, საჯაროა.

ამასთან მისი თქმით, საქმეს პოლიტიკური შეფერილობა აქვს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო ილიჩევას პატიმრობას არ შეუფარდებს.

„ქალბატონ ნატალიას ბრალი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ედება. ის ამ ბრალს არ აღიარებს და ბუნებრივია, ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. დაკავებულია მოსამართლის განჩინებით, იმედია, როცა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მას პატიმრობას არ შეუფარდებს“,- აცხადებს სულხან კომახიძე.

მისი სიტყვებით ნატალია ილიჩევას არაფერი დაუმალავს და რუკები, რომლის დამალვასაც მას გამოძიება ედავება ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეშიც.

„ქალბატონი ნატალია საქართველოს მოქალაქეა, მის ინტერესებშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. ადამიანმა რუკის სწორად წაკითხვა რომ იცოდეს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამისთვის ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. ბრალდებულთან შეთანხმებით პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ, თუმცა, ყველა მოქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის. რუკების მის კაბინეტში აღმოჩენაზე ბრალდებაში საუბარი არ არის, საქმის მასალები ჯერ არ მინახავს. მას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, არამხოლოდ კაბინეტში, არამედ ინტერნეტსივრცეშია გავრცელებულია და ყველგან დევს“, - განაცხადა სულხან კომახიძემ.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩევას.

მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG