Accessibility links

კობახიძე გარეჯის საქმეზე გამოხმაურების შესახებ: მოხდა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური ლუსტრაცია


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას ისტერიულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რითაც მათი პოლიტიკური ლუსტრაცია ხდება:

„დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის აღმოჩენილი რუკა, რომელიც საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია.

ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩევას.

მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას დაკავების საქმეს ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მათი შეფასებით, საქმე არა ამ კონკრეტული ორი ადამიანის ბრალეულობის გამოძიებისთვის, არამედ წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობის პირების და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული, პროცესი კი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საშიშად და საზიანოდ გამოიყურება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სომხეთთან ომში ჩაება მთიან ყარაბაღში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG