Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გამოაცხადა ავადმყოფობის შემდეგ ამომრჩევლებთან პირველი საჯარო შეხვედრის თარიღი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი გეგმების შესახებ, განაახლოს წინასაარჩევნო კამპანია 10 ოქტომბერს შეხვედრით თეთრ სახლში, რასაც მოჰყვება თავყრილობა 12 ოქტომბერს ფლორიდაში.

ეს შეხვედრები პირველი იქნება მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს 1 ოქტომბერს და საავადმყოფოში მოათავსეს, რამაც შეაფერხა მისი გეგმები.

მას შემდეგ ტრამპი საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ ტვიტერით ავრცელებდა ცნობებს თავისი სურვილის თაობაზე, კვლავ განაახლოს საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე.

10 ოქტომბერს ტრამპი ხალხს მიმართავს აივნიდან თემაზე „კანონი და წესრიგი“. კამპანიის განახლების ფონია შეკითხვა, რამდენად ავად იყო იგი და სრულად თუ გამოჯანმრთელდა.

თეთრ სახლს არ გამოუცხადებია, არის თუ არა პრეზიდენტი თავისუფალი ვირუსისგან.

ტრამპის 12 ოქტომბრის შეხვედრა ამომრჩევლებთან ფლორიდაში, გაიმართება აეროპორტში, სავარაუდოდ, ღია ცის ქვეშ, ღია ანგარში.

ფლორიდა საკვანძო შტატია საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის წევრი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იქნება. ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი ნევადაში, ლას-ვეგასში გამართული შეხვედრისას მისი მოქცევის გამო მას მერე, რაც კორონავირუსის ტესტის შედეგი გახდა ცნობილი. ბაიდენის თქმით, ის „უგუნურად“ იქცეოდა დიაგნოზის დასმის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG