Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა


გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. შიდა ქართლში ჯამში კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის, სიმონ გულედანის თქმით, ვირუსი პირველი და მე-8 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

"მერვე და ფლავის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციური რეჟიმის სწავლებაზე გადავა, რაც შეეხება პირველ სკოლას, აქ თვითიზოლაციაში მესამე და მეათე კლასი გადავა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ", - განაცხადა გულედანმა.

მისი თქმით, თითოეული ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 10 არასრულწლოვანია, კერძოდ კი, ფლავის, გორის მე-8 და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები. რამდენიმე დღეა, რაც საკლასო ოთახებში სწავლა შეწყვეტილია გორის მესამე საჯარო სკოლაში. მიზეზი აქაც კორონავირუსით მოსწავლის ინფიცირებაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG