Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარტოგრაფების საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს


​კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. ამის შესახებ მან ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

"გამოკითხვაზე ვიყავი და მოგვიანებით გავაკეთებ მედიისთვის განმარტებებს", - თქვა მან.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადაცემაზე მიმდინარეობს ახლა პროკურატურაში გამოძიება.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG