Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთისგან საველე ჰოსპიტალს ითხოვს


გუდაუთის საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

აპრილიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 2430 შემთხვევა, მათგან 1087 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 23 ადამიანი.

ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვს დახმარებას და აფხაზეთში 500 ადგილიანი, დროებითი საველე ჰოსპიტლის და შესაბამისი დანადგარებით და პრეპარატებით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალის გაგზავნას. ამ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპირესი“ ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთადერთი კლინიკა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს, გუდაუთის საავადმყოფოა.

13 ოქტომბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაახლოებით ერთი თვის წინ ხელმოწერილ განკარგულებაში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმად, 24 ნოემბრამდე იკრძალება მასობრივი სპორტული და გასართობი ღონისძიებები, თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების, ასევე, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა.

დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, „სახალხო მოძრაობამ“. სააგენტო „აფსნიპირესის“ ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, ამ მოძრაობის წარმომადგენლების და „პარლამენტის“ წევრების შეხვედრაზე ითქვა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, აფხაზეთის მცხოვრებნი უპასუხისმგებლოდ იქცევიან, ფინანსური და სამედიცინო რესურსი კი მწირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG