Accessibility links

logo-print logo-print

ახალგორში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს


ოკუპირებულ ახალგორში გარდაიცვალა პირველი საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვერა კოტოლოვა. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, მასწავლებელი მაღალი ტემპერატურით ჯერ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ვერა კოტოლოვა ახალგორიდან გაგზავნეს ცხინვალში, სადაც ექიმებმა ეჭვი ინსულტზე მიიტანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სახლში გაწერეს. ვერა კოტოლოვა წუხელ, სახლში გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, პედაგოგის ოჯახმა ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციას რამდენჯერმე მიმართა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პაციენტის გადასაყვანად, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვერა კოტოლოვას ახლო ნათესავი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

„მე ვუთხარი, რომ თუ საოკუპაციო რეჟიმი კოტოლოვას გადმოყვანის უფლებას მისცემდა, ოძისთან სასწრაფო დახმარების მანქანას დავახვედრებდი და კლინიკაში გადავიყვანდით, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაუწევდნენ. მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა და ეს შედეგი დადგა. სამწუხაროდ, ვერა კოტოლოვა პირველი არ არის. ამ უკანონო ქმედებებით და შეზღუდვებით, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას აქვს დაწესებული, სხვა პრობლემების გარდა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე, ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ დაბა ახალგორი ჩაკეტა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ვერმიღების გამო 14 ადამიანი გარდაიცვალა. სხვა მონაცემებით, ეს რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG