Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოსაკვლევად დღეს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში


დეკანოზი გიორგი მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძეს გამოკვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში დღეს, 15 ოქტომბერს აღარ გადაიყვანენ. როგორც ქეთევან ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენლებს დაპირებული კონსულტაციის გაუქმების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად დამძიმებული არ არის და ამიტომ კვლევა დღეს, 15 ოქტომბერს არ ჩატარდება.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ დღეს უნდა მომხდარიყო მისი გამოყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რათა ჩატარებოდა ნევროლოგიური კვლევა, ნევროპათოლოგის კონსულტაცია. სასჯელაღსრულებიდან როგორც გვითხრეს, დღეს აღარ იგეგმება ამ კვლევის ჩატარება და უკვე შემდგომ პერიოდში ჩატარდება ეს კვლევა. წინასწარ გვეცოდინება როდის ჩაუტარდება და ასევე ფორმაზე, სად ჩატარდება, სამოქალაქო პროფილის კლინიკაში თუ ადგილზე მიიწვევენ სპეციალისტებს. ამაზე გვეცოდინება წინასწარ აუცილებლად“, - განაცხადა ქეთევან ჩუთლაშვილმა.

EMC-ის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმებოდა და უნდა განსაზღვრულიყო მისი მკურნალობის ტაქტიკაც.

როგორც EMC-ში 14 ოქტომბერს განმარტავდნენ, ორგანიზაციამ მაისიდან სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა მისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. დაწესებულება მოთხოვნას, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა.

თუმცა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გიორგი მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა 15 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიუთითებდა იმაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში მას სათანადო მკურნალობა უტარდება.

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - აღნიშნულია განცხადებაში, თუმცა ადვოკატი ქეთევან ჩუთლაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია დეკანოზისთვის ნევროლოგიური კვლევების ჩატარების დროსა და ადგილზე გრძელდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ინტერესების დამცველის EMC-სა და ოჯახის თანახმად, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, რომელზეც ატროფიის ნიშნები აღენიშნება და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

"სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას.

როგორც ცნობილია, N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რომელიც ექსპერტთა აზრით მამალაძისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველს ჰქმნიდა. თუმცა, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებით", - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG