Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონმა ბრიტანელებს მოუწოდა, მზად იყვნენ ბრექსიტისთვის შეთანხმების გარეშე


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტელევიზიით მიმართა ბრიტანელებს და მოუწოდა მათ, მზად იყვნენ ევროკავშირიდან გასვლისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან სავაჭრო შეთანხმების გარეშე.

ამასთან, ჯონსონს იმედი აქვს, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მომავალ დღეებში.

ბრიტანეთის პრემიერის სიტყვებით, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, ლონდონის ურთიერთობა ევროკავშირთან იქნება ავსტრალიის მსგავსი, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე დაფუძნებული.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯონსონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა ბრიტანეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად, მაგრამ „არა ყველაფრის ფასად“.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, თანახმად, ერთადერთი სფერო, რომელშიც გაერთიანებული სამეფო გამარჯვებული იქნება შეთანხმების გარეშე, ესაა თევზჭერა. თევზჭერის საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, თუ ბრიტანეთს სურს სავაჭრო ხელშეკრულების მიღწევა, თქვა მაკრონმა.

საფრანგეთისთვის თევზჭერის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ფრანგი მეთევზეები თევზს ბრიტანეთის წყლებში იჭერენ.

მაკრონის თქმით, მთავარი ევროკავშირისთვის არის ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის კონკურენციის სამართლიანი წესების დადგენა.

ბრიტანელებმა ხმა მისცეს ევროკავშირიდან გასვლას 2016 წელს. ბრიტანეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან, მაგრამ შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდა ბრიტანეთის პარლამენტის უარის გამო. პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლმაც შეცვალა ამ პოსტზე ტერეზა მეი, პირობა დადო, რომ ბრიტანეთს გაიყვანდა ევროკავშირიდან შეთანხმებით ან მის გარეშე.

2020 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაში შეიძლება თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG