Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის დროს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში ხალხმრავალი აქცია გამართა


დღეს, 16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

ხახლმრავალი აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო. აქციაზე ვერ მივიდა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე. მას მამა დღეს კორნავირუსით გარდაეცვალა.

"ძალა ერთობაშიას" აქცია ბათუმში
"ძალა ერთობაშიას" აქცია ბათუმში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხალხმრავალი აქციების გამართვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს "ძალა ერთობაშიას" ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს.

"საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასამდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას", - აღნიშნულია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ვაშაძის კომენტარში.

ხელისუფლებამ საარჩევნო ღონისძებების გამართვა არ შეზღუდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში რიგი ეკონომიკური აქტივობები ისევ აკრძალულია. მათ შორის, ბათუმში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 22:00 საათზე იკეტება კვების ობიექტები. კაფე ბარების 22:00 საათის შემდეგ ფუნქციონირება აიკრძალა თბილისსა და იმერეთშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG