Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააჯარიმეს სამი ბარი, სადაც „გირჩი"-ს განცხადებით, ამომრჩევლებს ხვდებოდნენ


ბარი Chacha Time
ბარი Chacha Time

22:00 საათის შემდეგ თბილისში გასართობი დაწესებულებების მუშაობის აკრძალვის დადგენილების ფარგლებში, თბილისში მდებარე სამი ბარი 10 000 ლარით დააჯარიმეს. ესენია: „სახელოსნო ბარი“, „ფელერს ბარი“ და Chacha Time.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. „ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში. იქნებ დაუყოვნებლივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში", - წერს „ფეისბუკზე" ჯაფარიძე.

პოლიციელებთან ერთად ბარებში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თბილისში სულ შვიდი ბარი დაჯარიმდა.

პოლიტიკური პარტიების შეკრებები არ ექცევა იმ რეგულაციებში, რომელიც ეხებათ გასართობ ობიექტებს. პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თბილისის მასშტაბით 10-ზე მეტი ბარია, სადაც პარასკევსა და შაბათ-კვირას „გირჩის“ შტაბები არის მოწყობილი. სხვა დროს ისინი ჩვეულებრივ მუშაობენ. „ახლა შეიძლება, შვიდ დღეზე გადავიდეთ, გააჩნია სიტუაციას", - აღნიშნავს ჰერმან საბო.

იმ დროს, როდესაც „გირჩი“ ამ ბარებში შეკრებებს მართავს, როგორც საბო ამბობს, „შესასვლელში დროშები არის გამოკრული, მაგიდებზე ფლაერებია, როცა შემოდიხარ, ზუსტად იცი, სად მოდიხარ. ყველგან არის პოლიტიკური აგიტაცია. თუმცა დაჯარიმებისას ყურადღებას არ გვაქცევენ, როდესაც ვუხსნით, რომ პოლიტიკური შეკრებაა“.

ბარში ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ „გირჩი“-ს წევრები და ბარები ინფორმაციას „ფეისბუკზე“ ავრცელებდნენ.

„გირჩთან“ სიტყვიერ შეთანხმებას ადასტურებს ერთ-ერთი ბარის წარმომადგენელი ივანე მაჭავარიანი. როგორც ის ამბობს, პარტიული შეკრების გამო ტერიტორია, შპს დააჯარიმეს. „[ოფიციალური პირი] ვერ მცემს პასუხს, რატომ? მეუბნება, თქვენ გაარკვიეთ. მე „გირჩს“ ვათხოვე ტერიტორია“, - ამბობს მაჭავარიანი.

ჰერმან საბოს განმარტებით, ჯარიმის ოქმი არ დაუწერიათ არცერთ ბარში, უბრალოდ სიტყვიერად ამბობენ ამის შესახებ. „ეს რას ნიშნავს კაცმა არ იცის, ალბათ მერე გამოგზავნიან ჯარიმას“, - დაამატა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG