Accessibility links

აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში


წუხელ, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების ხაზზე კვლავ დაირღვა რამდენიმე საათის წინ გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაშიც მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 ოქტომბრის დილით აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სომხეთის პოზიციებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო უწყება სომხეთს ადანაშაულებს ე.წ. შეხების წერტილის მახლობლად აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვაში.

შაბათს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადებების და მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული დეკლარაციის შესაბამისად“, - ნათქვამია მოკონფლიქტე მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, გაყინული აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი კვლავ განახლდა 27 სექტემბერს, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები როგორც სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.

10 ოქტომბერს მხარეები მოსკოვის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ 11-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული საზავო შეთანხმება მალევე დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG