Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა პრაღის ცენტრში საკარანტინო ზომების საწინააღმდეგო აქცია


პრაღის ცენტრში სტარომესტესკას (ძველი ქალაქში) მოედანზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. კოვიდდისიდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც თან ახლდა ძალადობა,

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მკაცრ ზომებს, რომელიც ხელისუფლებამ 12 ოქტომბრიდან შემოიღო ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად.

ჩეხეთში სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ ადგილებში, შეზღუდვით მუშაობენ რესტორნები და ბარები, დახურულია სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და კინოთეატრები, აკრძალულია ღია სივრცეში ათზე მეტი კაცის შეკრება პირბადეების გარეშე, სპორტული ასპარეზობები ტარდება მაყურებლის გარეშე.


ჩეხური მედიის თანახმად, პრაღის ცენტრში 18 ოქტომბერს შეიკრიბა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ფეხბურთის გულშემატკივრები, რაც ეპიდვითარებით დაშვებულ რაოდენობაზე მეტია.


პოლიციას მოუხდა ძალის გამოყენებით რამდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებმაც სამართალდამცველების წინააღმდეგ პეტარდები გამოიყენეს.


პრაღის პოლიციის წარმომადგენლის, ევა კროპაჩოვას თანახმად, პოლიციამ დააკავა 16 პირი. ჩხრეკის დროს მათ აღმოაჩნდათ ნივთები, რომელთაც ადამიანის დაზიანება შეუძლიათ.

ჩეხეთი ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკით.

წუხელ ჩეხეთში კორონავირუსის 8700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 65-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.

პანდემიის განმავლობაში ვირუსი შეეყარა 168,827 კაცს. აქტიურად ითვლება 98,530 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG