Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო კოვიდდაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ცესკო) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით.

ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

ცესკოს განმარტებით, სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის, საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით - ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

სპეციალურ უბნებს და მათ წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებსა და შესაბამის პროცესთან.

ცესკოს განცხადებით, ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.

ცესკოს ცნობით, შესაბამისი წესების დაცვით, დამკვირვებლებს, მედიასა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაჰყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG