Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობა ახლა უკეთ მართავს პანდემიას, ვიდრე გაზაფხულზე


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ახლა უკეთ უმკლავდება კორონაპანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ვიდრე დასაწყისში. ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკური და რეანიმატოლოგთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამით მან კრიტიკოსთა მოსაზრებას უპასუხა, რომ გაზრდილი ინფიცირების და კლინიკებში მიმართვიანობის ფონზე, ჯანდაცვის სისტემას პაციენტთა მართვა უჭირს.

თენზიც ცერცვაძის თქმით, რამდენიმე ასეული საწოლია თავისუფალი და ყველა პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, ჰოსპიტალიზებულია. თუ არის შემთხვევები, რაზეც ზოგჯერ ყურადღებას ამახვილებენ "ერთეული პაციენტები, ზოგჯერ ჟურნალისტები ან ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანები - ეს არის გამონაკლისი, ერთეული შემთხვევა“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისივე განცხადებით, არ უნდა მოხდეს „ერთეული შემთხვევის განზოგადება“ და „საზოგადოებაში მცდარი აზრის შექმნა“, რომ ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას.

„მე პირიქით ვიტყოდი, ახლა უფრო უკეთ უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში, რამეთუ მაშინ ადვილი იყო უფრო მართვა, როცა ძალიან ცოტა იყო შემთხვევების რაოდენობა და თან მაშინ ქვეყანა წავიდა მკაცრ შეზღუდვებზე და ჩაკეტვებზე, ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა და ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა, „ლოკდაუნის“ გარეშე, ყოველდღე ათასობით ახალი პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნას, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი! ეს არის რთული, გაცილებით რთული, ვიდრე ის, რაც იყო გაზაფხულზე და ახლა ეს ხორციელდება, დამიჯერეთ, დიდი წარმატებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით 70-ია. 1 186 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 18 663-ს გაუტოლდა. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG