Accessibility links

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას გადასატანი ყუთით შეძლებენ


საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას არჩევნებში.

ცესკო-მ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით.

როგორც ცესკო აცხადებს, სწორედ, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.

ცესკო აცხადებს, რომ როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სპეციალური ჯგუფის წევრები ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიასა და საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG