Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშვილი: ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები


საქართველოს მთავრობამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს, მაგრამ თუ დადგენილი წესები დაცული არ იქნება, ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება.

„არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას იმიტომ, რომ ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი - გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მეზვრიშვილის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ორი გზა არსებობს: „ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები“. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, რათა არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე. ეს წესებია: პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დისტანციის და ჰიგიენის დაცვა და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1194 შემთხვევაა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი. ეს ეპიდემიის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG