ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის ერთ-ერთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი 84 წლის კაცია. ის კოვიდმიმღებად გადაკეთებულ ტრამვატოლოგიურ ჰოსპიტალში 10 დღე მკურნალობდა.
"ჩვენთან გადმოიყვანეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. გადმოყვანისთანავე მოუწია ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიერთება, ანუ თავიდანვე იყო აპარატზე... რაიმე განსაკუთრებული თანმხლები დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ უკვე მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს, ორივე ფილტვის პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის წარმომადგენელმა, ბუბა შალამბერიძემ.
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი სულ 19 857 პირს დაუდასტურდა, მათგან 10 ათასზე მეტი "აქტიური შემთხვევაა", მათ შორის 341 კი - მძიმე.