Accessibility links

COVID-პროგნოზი: რა უნდა გაკეთდეს ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად


ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მოდელირებისა და საპროექციო სცენარის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში დეკემბერ-იანვარში უნდა დადგეს. 2021 წლის პირველი თებერვლისთვის კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 2500-მდე შემთხვევაა მოსალოდნელი.

უნივერსიტეტის პროგნოზი რამდენიმე მოდელს განიხილავს. მათ შორის, გარდაცვალების რა რაოდენობა შეიძლება დაფიქსირდეს მაშინ, თუკი შეზღუდვები სრულად იქნება მოხსნილი და ეს რიცხვი შესაძლოა იყოს 6500-მდე და ასევე, როგორი შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, თუკი მაგალითად, პირბადეების მოხმარების წესები გამკაცრდება. ასეთ შემთხვევაში, გარდაცვალების რაოდენობა გაცილებით დაბალ მაჩვენებელს, 1600-ს შეადგენს.

ამავე პროგნოზის თანახმად, თუკი ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, 2021 წლის პირველი თებერვლისთვის, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, საშუალოდ 73 იყოს. პირბადეების მოხმარების შემთხვევაში კი 11.

რაც შეეხება ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექციის თანახმად, ვირუსმა გავრცელების პიკს დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა მიაღწიოს. შემთხვევათა რაოდენობა კი 3 000-ს უნდა გადასცდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გავრცელების პრევენციისათვის შემზღუდავი ღონისძიებები არ იქნება გატარებული, ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, რამდენიმე ათასს გადააჭარბოს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით სწერს, საქართველო ეპიდემიოლიგიური მდგომარეობის მოდელირების სამ ინსტრუმენტს ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ მოდელია. გარდა ამისა, საქართველო ეყრდნობა ბაზელის უნივერსიტეტისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოდელებს.

ეთანხმება თუ არა, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება თანხვედრაშია ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სცენარის მონაცემებთან და პროგნოზთან, ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას სწერს: „არასწორია თქვენი ციფრები და ინტერპრეტაციები“. რა იგულისხმება "ინტერპრეტაციებსა" და "თქვენს ციფრებში", ამ კითხვაზე პასუხი, ამ ეტაპზე, ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის პროგნოზს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკური მაჩვენებელი ნოემბერში იქნება, ამირან გამყრელიძე გვპასუხობს:

„ეს გახლავთ სამუშაო, შიდა გათვლები, რომლებზე დაყრდნობითაც ითქვა, რომ პიკური დატვირთვა გვექნება, დიდი ალბათობით, ნოემბრის მეორე ნახევარში“.

როდის დგება COVID 19-ის პიკი?


თუკი სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებს გადავხედავთ, სურათი ასე გამოიყურება:

  • პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან, შვიდი კვირის თავზე, 21 მარტს მიაღწია იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა და მან 6557 შეადგინა.
  • შვიდი კვირის თავზე მიაღწია ახალ დადასტურებულ შემთხვევათა პიკურ მაჩვენებელს ესპანეთმაც.
  • პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მერვე კვირაში დაფიქსირდა ახალ შემთხვევათა პიკი გერმანიაში.
  • მეექვსე-მერვე კვირაში დაფიქსირდა პიკი ჩინეთშიც, იქ, სადაც მსოფლიოში პირველი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ერთი მხრივ, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ავადობის პიკური მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში ფიქსირდება, თუმცა, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ ავადობის პიკი დგება ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში.

სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვირუსის შიდა გავრცელების მაღალი მაჩვენებელი სექტემბრის პირველი კვირიდან დაფიქსირდა, საქართველომ ვირუსის გავრცელების პიკს სწორედ ნოემბრის მეორე ნახევრიდან უნდა მიაღწიოს. მისი პროგნოზით, გავრცელების პიკში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა 2000-მდე ავიდეს ან გასცდეს კიდეც მას.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუკი პროგნოზი სწორედ ამ სცენარით წარიმართება და პიკური მაჩვენებელი ერთ ან ორ თვეს გასტანს, არ არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული გარდაცვალების მაჩვენებელი რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს. ყოველ შემთვევაში, ის ვარაუდობს, რომ დეკემბრის ბოლოს, საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს მიუახლოვდება:

„თუკი დღეს გვაქვს დღიური ინფიცირების 1200 შემთხვევა, პიკი იქნება 2000-მდე. შეზღუდვების გამკაცრების შემთხვევაში, პიკი დასტაბილურებას იწყებს 10-14 დღეში. 2 კვირის განმავლობაში, დღეში 2000 შემთხვევა, 25-30 ათას პაციენტს უდრის. ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.6% -1%-მდე მერყეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ორ კვირაში 30 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, სიკვდილიანობის 1% დაახლოებით 300 გარდაცვლილს ნიშნავს. ეს სიტუაცია 2 თვე თუ გაგვიგრძელდა, ვარაუდია, რომ იანვრის დასაწყისისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება“.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა კულუმბეგოვი მკაცრი შემზღუდავი ნორმების დაწესების წინააღმდეგია, ამ სიტუაციაში მიაჩნია, რომ ნოემბრის მეორე ნახევრისთვის, საქართველომ რიგი ევროპული ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს და თუნდაც საღამოს საათებში, საზოგადოების მობილობა შეამციროს:

„როდესაც გავრცელების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი იქნება, როდესაც საწოლფონდის რაოდენობა ამოწურვის ნიშნულს მიუახლოვდება, მაშინ უკვე იძულებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და დაწესდეს შეზღუდვები. არ ვარ მომხრე, რომ დაიკეტოს ყველა ბიზნესი და იგივე განმეორდეს, რაც აპრილში, მაგრამ მომხრე ვარ, რომ როგორც საფრანგეთის მაგალითია, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე, ადამიანების მობილობა შეიზღუდოს. ამ შეზღუდვების შედეგი მალევე უნდა გამოჩნდეს, 10-14 დღეში“.

რაც შეეხება ზოგადად პროგნოზებს COVID19-თან მიმართებაში, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ პროგნოზები ყოველთვის ვერ ასახავს მოსალოდნელ რეალობას, ეს არის სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მონაცემთა მართვის ინოვაციების ლაბორატორიის მკვლევრების პროგნოზი, რომელიც აპრილის მიწურულს გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც, ეპიდემია საქართველოში 26 ივლისისთვის უნდა დასრულებულიყო. მეცნიერები იქვე მიუთითებდნენ, რომ მათი მოდელი მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი და შესაძლოა შეიცავდა შეცდომებსაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გათვლას, რომ COVID19-ის გავრცელების პიკი საქართველოში ნოემბერში იქნება, არ ეთანხმება ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ პროგნოზით, ხელისუფლება ცდილობს მოამზადოს სიტუაცია, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის დაკეტვას გულისხმობს:

„სინამდვილეში, რომ არა წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები, სულ სხვაგვარი იქნებოდა მთავრობის რეაგირება. წინასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური დღის წესრიგით და პოლიტიკური მოტივაციით. შესაბამისად, რაც უფრო მეტად ვკარგავთ ახლა დროს, მით უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა შემდეგ და შემდეგ. კი, ნოემბერში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც დეკემბერში“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ვირუსის რეპრუდუქციის, ანუ გადადების მაჩვენებელზე, რომელიც დღეს საქართველოში 1.33. ანუ ერთ დაინფიცირებულს ერთზე მეტი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. მისი თქმით, მთავრობამ ამ მაჩვენებლის დასტაბილურება ვერ შეძლო:

„ჯერ კიდევ გაზაფხულიდან გავიძახოდი, რომ ამ მაჩვენებლის მართვა უნდა გვესწავლა ისე, რომ გაგვევლო ოქროს შუალედში, არც ეკონომიკა ჩაგვეკეტა, მაგრამ ამასთანავე, არც ჰოსპიტალური სექტორი გადაგვეტვირთა. დღეს კი რეალურად სრულიად სხვა სურათი მივიღეთ. საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ვირუსის მართვა მედიცინის საკითხია. არადა, ეს არის მენეჯმენტის საკითხი. ახლა მთავარია პარადიგმის შებრუნება. ინფიცირებულებისთვის კი არ უნდა ვიყენებდეთ კარანტინს, არამედ კარანტინი უნდა გამოვიყენოთ იმ რისკ-ჯგუფებისთვის, ხალხისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ იზოლაცია. ეს თუ არ გავაკეთეთ, ძალიან დიდი სიკვდილიანობა გვექნება. სავარაუდოდ, აპრილში, საქართველოსა და სომხეთს სიკვდილიანობის ერთნაირი მაჩვენებელი ექნება, თუ ჩვენ არ გადავასწარით. სომხეთმა სიტუაციის მართვა ისწავლა ზაფხულში. ჩვენ მართვა ზამთარში უნდა ვისწავლოთ“.

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ საქართველოში ვირუსის პიკი 2-3 კვირაში დადგება. მისი თქმით, ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ როგორი იქნება ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა, მისი დაკვირვებით, ქვეყანაში, ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორის პარალიზების ნიშნები არ ჩანს. საკუთარ პოსტში ის ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს დღეს, საქართველოში, იტალიის პიკის დროს დაფიქსირებულ შემთხვევებზე მეტი ფიქსირდება მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით:

„იტალიის პიკის დროს, იტალიაშიც და მთელ ევროპაშიც, ერთ მილიონ მოსახლეზე გაცილებით ნაკლები ტესტი კეთდებოდა ვიდრე ეს ხდება დღეს საქართველოში. მაგალითად იტალიაში სადაც შემთხვევების პიკი იყო 21 მარტს, ტესტირების რაოდენობის აღრიცხვა იწყება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 20 აპრილიდან, როდესაც ერთ მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 130 ტესტი... იგივე ვითარება იყო ბრიტანეთში, სადაც, ტესტირების რაოდენობებზე ოფიციალური პირველი მონაცემები ემთხვევა ეპიდემიის პიკის დღეს 10 აპრილს, როდესაც მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 400 ტესტი. საქართველოში ამჟამად, თუ შევხედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, დაახლოებით კეთდება დღეში 8000 ტესტი, რაც მილიონ მოსახლეზე არის დაახლოებით 2200. ეს ციფრი მრავალჯერ აღემატება ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს არსებულ ტესტირების მაჩვენებლებს და შესაბამისად, გამოვლენილი შემთხვევების ერთი ერთზე შედარება სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკასთან შეუძლებელია. ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაჭარბებთ იტალიის მონაცემებს“.

20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა. 20 ოქტომბერს დაფიქსირდა საქართველოში კორონავისურით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 15 შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსით სულ 158 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG