Accessibility links

COVID-ვაქცინა და საქართველოს პერსპექტივა


უკანასკნელი ცნობებით, COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში, ამჯერად მხოლოდ ორი ვაქცინაღაა დაწინაურებული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გიორგი ფხაკაძე, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის წევრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.

ეს ვაქცინებია: ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა „ასტრაზენეკა“ და ავსტრალიაში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ძველი, თითქმის 100 წლის წინანდელი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ-ს ვაქცინის რემოდიფიცირება გადაწყვიტეს.

„ასტრაზენეკას“ განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას. აშშ-ის ადმინისტრაციამ "ასტრაზენეკას" გამოკვლევების გასაფართოვებლად, 1,2 მილიარდი დოლარი გადასცა.

რაც შეეხება ავსტრალიურ ვაქცინას, მკვლევრებმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს.

დღევანდელი მდგომარეობით, ორივე ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის და მასში ათასობით ადამიანია ჩართული.

ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 170-მდე კანდიდატი ვაქცინა გადის სამეცნიერო ცდებს. მათ შორის, 130-135 ვაქცინა პრეკლინიკური კვლევების ფაზაშია. კვლევების პირველ ფაზას გადის 14 ვაქცინა, მეორე ფაზაზე გადასულია 8 ვაქცინა.

იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დასრულებას მინიმუმ 9 თვე სჭირდება, რასაც კვლევაში ჩართული ადამიანების ანალიზი უნდა მოყვეს, ჯერჯერობით არ არსებობს კითხვაზე პასუხი, რამდენად შედეგიანი იქნება COVID19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები გრძელვადიან პერსპექტივაში.

თუკი საერთაშორისო სტანდარტებს დავეყრდნობით, აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს სტანდარტის მიხედვით, იმისათვის, რომ ვაქცინა დამტკიცდეს, მას მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა უნდა ჰქონდეს. გაცილებით მაღალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის თანახმადაც ვაქცინამ 70-80%-იანი ეფექტურობა უნდა აჩვენოს.

რაც შეეხება, ეფექტური ვაქცინის შექმნის ვადებს ის 2-დან 5 წლამდე მერყეობს. მისი შექმნის ალბათობა კი გიორგი ფხაკაძის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ 6%-ია.

„ვაქცინას ვერ შექმნი, თუ არ გექნებათ ძალიან დეტალური ანალიზი. ამას კი ფულთან ერთად დრო სჭირდება. ამ დროს ვერცერთი ფულით ვერ იყიდი. კომპიუტერული მოდელირება ვერ გააკეთებს გათვლას, როგორ მოქმედებს ვაქცინა ადამიანზე. ამას მხოლოდ ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტი გვაჩვენებს. მესამე ფაზის ჩატარებას მინიმუმ 9 თვე სჭირდება. ამ ფაზის დასრულების შემდეგ კი უკვე საჭიროა კალკულაცია და ანალიზი. მაგალითად, ვაქცინა გაუკეთდა 50 000 ადამიანს, საჭიროა ყველა ამ ადამიანის შესწავლა და მათი მდგომარეობის ანალიზი“.

მიუხედავად ვაქცინის შესაქმნელად წამოწყებული უპრეცედეტო რბოლისა, გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს რბოლა უშედეგოდ დასრულდეს, ისე, როგორც ეს სხვა არაერთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში მოხდა:

„მსოფლიო, მათ შორის, ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი, ჯერ კიდევ 20 წლის წინ ლაპარაკობდა, რომ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 წელიწადში გვექნებოდა, მაგრამ ის დღემდე არ არის. სარსის რამდენიმე ტალღა ისე გადავიტანეთ, რომ ვაქცინა არ გვქონდა. მერსი, რომლის სიკვდილიანობა 70%-იანი იყო, ამ ვირუსმაც ვაქცინის გარეშე ჩაიარა. დღემდე არ გვაქვს ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა. კვლავ არ არსებობს ზიკას ვირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა. ძალიან კარგია, რომ ბევრი სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს კოვიდის ვაქცინის შემუშავებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაქცინა გვექნება".

და თუ მაინც შექმნის მსოფლიო ვაქცინას, როდის ჩამოვა ის საქართველომდე?


თუკი მსოფლიო მოახერხებს და COVID19-ის წინააღმდეგ შექმნილი რომელიმე ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მაინც დამტკიცდება, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ის საქართველომდე 2021 წლის მიწურულამდე ვერ ჩამოაღწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველომ მოსახლეობის „ვაქცინათა გლობალურ ალიანსში“ განაცხადი უკვე შეიტანა, თუმცა, პირველ ეტაპზე, შეკვეთილი ვაქცინა მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზეა გათვლილი.

გიორგი ფხაკაძე იმ რამდენიმე დეტალსა და პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც შესაძლოა საქართველო ვაქცინაციის პროცესში წააწყდეს:

„ეს არის ვაქცინის ტრანსპორტირება და დასაწყობება. იმ ვაქცინებიდან, რომლებიც დღეს კლინიკურ კვლევებშია ჩართული, ზოგ ვაქცინას შესანახად სჭირდება -30, -15 გრადუსი. ამ პროცესში, ერთ-ერთი რთული საკითხი სწორედ ტემპერატურის დაცვაა. შესაძლოა, ტრანსპორტირების დროს, ნახევარ-გრადუსიანმა ცვლილებამაც კი იმოქმედოს ვაქცინის ეფექტურობაზე. ახლა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად, ჰოლანდიაში წარმოებული ვაქცინა ჩამოვიდა თბილისში, თბილისიდან წავიდა საწყობში, შემდეგ საწყობიდან ქუთაისში, ქუთაისიდან კიდევ პატარ-პატარა სოფლებში. ამ მთელ პროცესში არ უნდა შეიცვალოს ვაქცინის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურა. არ ვიცი, გვექნება კი ჩვენ ამის გარანტია? ამას ძალიან ფართომასშტაბიანი ლოჯისტიკა სჭირდება“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც ამ ჯაჭვში შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს, გიორგი ფხაკაძის აზრით, ესენი შესაძლოა იყვნენ ექთნები, რომლებმაც ვაქცინაცია უნდა ჩაატარონ:

„ჩვენ უნდა გვყავდეს ექთნები, რომლებმაც ვაქცინა ჯერ სწორად უნდა შეინახონ და შემდეგ სწორად გააკეთონ. მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა, გვყავს ჩვენ საჭირო რაოდენობისა და საჭირო კომპეტენციის ექთნები? ვიცით რა ხელფასსა და რა პირობებში მუშაობენ ისინი? იცით ექთნების საერთო ასაკი რეგიონებში რამდენია? - 65 წელი. შესაბამისად, მარტო ვაქცინა საქმეს არ უშველის თუკი მანამდე სისტემა არ გავმართეთ სათანადოდ. სწორედ ახლა არის ძალიან კარგი დრო იმისა, რომ ახალი ექთნები ავიყვანოთ, მოვამზადოთ“.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სანამ მსოფლიო COVID19-ის წინააღმდეგ ეფექტურ ვაქცინას შექმნის, მანამდე აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთოს ვირუსის გავრცელების პრევენციის მართვასა და სათანადო, მიზნობრივ მკურნალობაზე:

„დღეს აღარ არის საინტერესო კლინიკების დირექტორებისა თუ რეანიმატოლოგების ბრიფინგები. ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ როგორ დაიცვან ადამიანებმა თავი ვირუსისგან, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. როგორ უნდა გვეკეთოს ნიღაბი, რომ ცხვირი აუცილებლად ნიღაბში უნდა იყოს მოქცეული, რომ დისტანცია აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი, რომ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა ვიბანოთ. დღეს უნდა დავსვათ კითხვები, რამდენი რეანიმაციული საწოლი გვაქვს საქართველოში და ამჟამად რამდენი მათგანია დატვირთული და რამდენი თავისუფალი. რამდენი რეგისტრირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გვყავს? 15 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ 448 რეგისტრირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გვყავს და მათ 1200 საწოლის მართვა შეუძლიათო. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ამ რეანიმაციული საწოლებიდან რამდენია უკვე დაკავებული? როგორი გათვლები გვაქვს ვირუსის ასეთი მზარდი რიცხვების ფონზე. არაფერში არ გვაინტერესებს, ჯამში ქვეყანას რამდენი საწოლი აქვს. საწოლები ხალხსაც აქვს სახლში. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი რეანიმაციული საწოლია ქვეყანაში. თუკი მაჩვენებელი ასე მოიმატებს მომდევნო დღეებში, თვეებში, გვეყოლება სათანადო კომპეტენციისა და რაოდენობის რეანიმატოლოგები, რომ მძიმე პაციენტებს უმკურნალონ? ევროპული ქვეყნები სწორედ რეანიმაციული საწოლების გათვლების მიხედვით მართავენ მდგომარეობას და აწესებენ ან ხსნიან შეზღუდვებს. ანუ, როდესაც რეანიმაციული საწოლების 50%-ზე მეტი დაკავებულია, ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ნორმები იწყებს ამოქმედებას. ჯერ იკეტება კონკრეტული ქალაქები, სადაც პრობლემაა და შემდეგ უკვე ქვეყანა“.

გაზაფხულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მართლაც აცხადებდა, რომ ქვეყანაში, 448 რეანიმატოლოგია და მათ 1200 საწოლის მართვა შეუძლიათ. შემოდგომაზე რეანიმატოლოგების რიცხვი თითქმის გასამმაგდა. 16 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად მობილიზებული რესურსების შესახებ ილაპარაკა, თქვა, რომ ქვეყანაში 1400-ზე მეტი რეანიმატოლოგია. ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის საწოლის რაოდენობა კი 2290.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG