Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სპეცოპერაცია: რა ვიცით თავდამსხმელზე იმ კადრებით რაც ვნახეთ


რადიო თავისუფლებამ ირაკლი ალადაშვილს, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორს ჰკითხა რისი თქმა შეიძლება თავდამსხმელზე, რომელმაც ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში სავარადუდოდ 18 მძევალი აიყავანა, იმ კადრებით რაც ეთერში ვნახეთ.

გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.

რისი თქმა შეიძლება იმით, რაც ვნახეთ კადრებში?

ვიდეო კადრებით, რაც გავრცელდა, საღამოს 9 საათისთვის იმის თქმა შეიძლება, რომ ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილი ადამიანი შეიარაღებულია “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. კადრები არ არის კარგი ხარისხის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არის AKS-74 ტიპის ავტომატი, 5,45 კალიბრით.

შეიარაღებულ კაცს აცვია საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმა, რომელსაც ჯარი ხმარობს აგვისტოს ომის შემდგომ. აცვია ე.წ. “ლიფჩიკი”, ანუ განტვირთვის ჟილეტი, რომელიც მკერდზე კეთდება და მასში ჩაწყობილი აქვს დამატებითი მჭიდები.

როგორც ამბობენ მძევლები მას ხელში უჭირავს ხელყუმბარა, თუმცა არ ჩანს რა ტიპისაა ის, მაგრამ ხელის მოჭერაზე ეტყობა, რომ ხელში ნამდვილად აქვს ხელყუმბარა. გამოძრობილია თუ არა დამცავი რგოლი ძნელი სათქმელია.

რგოლი რამდენ ხანს შეიძლება იყოს მოხსნილი?

რგოლი შეიძლება დააბრუნა კიდეც ხელყუმბარაში. თუ რგოლს გამოაძრობ, ის უნდა გეჭიროს. ხელს თუ გაუშვებ, 3-4 წამის ინტერვალში აფეთქდება.

მისი მოთხოვნების მიხედვით, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პროფესიონალია ან პირიქით?

ვერ ვიტყვი რაზეა წამსვლელი, პროფესიონალია თუ არა, მაგრამ დიდი შანსი არ აქვს. კი შეიძლება ფული აიღოს, გამოუშვან, მაგრამ თავისუფლად შერჩეს ეს, ამის დიდი შანსი არ არის.

იარაღი, რომელის სავარაუდოდ აქვს, ლეგალურად იყიდება?

ასეთივე ფორმის ავტომატი ლეგალურად იყიდება იარაღების მაღაზიაში, მაგრამ ზუსტად ასეთი არა. კალაშნიკოვი, ოღონდ ის ისვრის ერთჯერადად. ჩემი აზრით, ეს საბრძოლო კალაშნიკოვია, რომელსაც ავტომატურ რეჟიმზე სროლაც შეუძლია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარტო არ მოქმედებს?

შეიძლება მარტო არ არის და გარეთ ჰყავს თანამზრახველები. შეიძლება შიგნით, მძევლებს შორისაცაა რომელიმე. ეს ძარცვაა თუ ტერაქტი, ესეც გასარკვევია.

ერთადერთი ფაქტორი არის ხელყუმბარა. ავტომატით, წესით, ვერც მოასწრებს სროლას - აღებას და მომარჯვებას დრო უნდა. ხელყუმბარას ხელის გაშვება უნდა და ის აფეთქდება.

რადიო თავისუფლება, ასევე, ესაუბრა, ბრიგადის ყოფილ გენერალს, ამირან სალუქვაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელს, სავარაუდოდ, შეხება ჰქონია ფორმის ტარებასთან. სალუქვაძეს კითხვები აქვს მის გამოცდილებასთან

„რატომ უნდა ჩაატარო მსგავსი ოპერაცია დასახლებული პუნქტის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, სადაც გვერდით სპეც სამსახურის ოფისია. ხმაურის გამოწვევა თუ სურდა, ისედაც გამოიწვევდა“, - ამბობს სალუქვაძე და განაგრძობს: „თუ მას მიზანი ჰქონდა, რომ მძევლების მეშვეობით, სახელმწიფოსგან გამოეძალა თანხა და გასულიყო “სამშვიდობოს” მაშინ ეს არის ძალიან ცუდად დაგეგმილი და ცუდი ადგილი შერჩეული. ცენტრიდან სად უნდა გავიდეს? შვეულმფრენს იღებ - სად მიფრინავ? აფხაზეთში მიფრინავ - სად უნდა დაჯდე? იქ რუსეთი აკონტროლებს ამ ყველაფერს და ა.შ.“

რაზე მეტყველებს ის, რომ მძევლების ნაწილი გაათავისუფლა?

ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს - შეუძლოდ იყვნენ, ადამიანური მოთხოვნილებები ჰქონდათ. მარტოა [თავდამსხმელი] და შეიძლება გადაწყვიტა, რომ ვერ გაყვებოდა საპირფარეშოში. შეიძლება მოლაპარაკებებზე წამოვიდა.

მარტო ადამიანისთვის საკმაოდ რთულია მრავალსაათიანი მოლაპარაკებების წარმოება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მძევლების კონტროლი. სხვა ნიუანსებიც არის. იქ ადამიანებს შეიძლება წყალი მოუნდეთ. კვება სჭირდებათ, სპეცსამსახურებმა საკვები უნდა მიაწოდონ. სხვა მოთხოვნილებები აქვთ ადამიანებს, ბუნებრივი.

მისი მოთხოვნები რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ?

თანხა, ნახევარი მილიონი - ასეთი მასშტაბის ოპერაციისთვის, როცა ათობით ადამიანი მძევლად აგყავს და სახელმწიფოს უპირისპირდები, ნახევარი მილიონი “ღიმილს” იწვევს.

XS
SM
MD
LG