ევროპის კავშირი გეგმავს საქართველოს, კანადისა და ტუნისის ამოღებას იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირში მოგზაურობის უფლება ენიჭებათ. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები იტყობინებიან.
ამავე დროს ევროკავშირი კარს გაუხსნის სინგაპურის მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესება შეინიშნება.
როგორც როიტერსი იტყობინება, ევროკავშირის ანონიმი წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება ოფიციალურად.
უკანასკნელ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ამ ტიპის პირველი ცვლილებაა ევროკავშირში მოგზაურობისთვის უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების სიაში.
ცვლილებების შემდეგ ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების სიაში დარჩებიან: ავსტრალია, ჩინეთი, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაილანდი და ურუგვაია.
ევროკავშირის გადაწყვეტილება არ ნიშნავს აკრძალვის უმალ შემოღებას. ამ რეკომენდაციას ერთნაირი სიმკაცრით არ ატარებს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა.
ევროკავშირმა 1 ივლისს გააკეთა რეკომენდაცია, რომ კავშირში მოგზაურობის უფლება მიეცათ მოქალაქეებისთვის 15 უსაფრთხო ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მანამდე, კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში, ბლოკში აკრძალული იყო არაარსებითი მიზნით მოგზაურობა.
მას შემდეგ სიიდან ამოიღეს სერბეთი, მონტენეგრო, ალჟირი და მაროკო.
ევროკავშირი დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, რომლიდანაც უკანასკნელად მაროკო ამოიღეს აგვისტოს პირველ ნახევარში.