Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელია ჰყვება, რა ხდებოდა მძევლობიდან გათავისუფლებამდე


ირაკლი კვარაცხელია
ირაკლი კვარაცხელია

მძევლობიდან გათავისუფლებულმა ირაკლი კვარაცხელიამ პოლიციაში გამოკითხვის შემდგომ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მან მადლიერება გამოხატა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას მიმართ.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სამხარეო პოლიციის უფროსს რომლის მეშვეობითაც მე დღეს არ ვარ მძევალი", - თქვა კვარაცხელიამ.

ყოფილმა მძევალმა აღწერა მოვლენები „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მისი მძევლად აყვანიდან, გათავისუფლებამდე.

„ბანკში მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა", - ამბობს კვარაცხელია.

შეკითხვაზე რატომ აირჩია საკომუნიკაციოდ ის შეიარაღებულმა პირმა, ყოფილი მძევალი პასუხობს: „როცა გავიგონე გარეთ გასროლა, დავინახე შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში და მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა, კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც, სავარაუდოდ, გარედან იღებდა. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკვინა 112-ში. ერთს მოსთხოვა რომ დაერეკა „ტვ პირველში", მან უთხრა რომ მას არ ჰონდა „ფეისბუკი". შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი რომ მქონდა „ფეისბუკი". იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა გავაცნობიერე, ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.

თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა ის, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა", - ჰყვება ირაკლი კვარაცხელია.

მან აგრეთვე გაიხსენა ბანკის შენობის დატოვების პერიოდი. „[გამტაცებელმა] წაიყვანა ბიჭები ალბათ იმიტომ რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანათ. მესამე მძარცველმა თვითონ დაასახელა", - ამბობს ყოფილი მძევალი.

შეკითხვაზე ამოიცნობს თუ არა გამტაცებელს, ირაკლი კვარაცხელია პასუხობს: „ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ შეიძლება, მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თვითონ ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა რომ თვითონაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი და უსაფრთხო გასვლა".

მძევლობიდან გათავისუფლებულმა კვარაცხელიამ მის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა: „ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფმა. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის რაც დღეს მოხდა, ეს შეილება, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. და რა ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე?! ქუჩაში არ უნდა გავიდე?! საერთოდ გაუგონარი რამე ხდება".

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.

რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.

შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.

უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.

როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG