Accessibility links

სეზონური ვირუსები და ვაქცინაცია - ვის ცრიან, ვინ ამბობს უარს და არის თუ არა მარაგები


ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების ყველაზე საუკეთესო დრო ოქტომბერია, თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ კახეთის რეგიონში, ცალკეული გამონაკლისების გარდა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

მაგალითად, წნორის მოხუცთა თავშესაფარს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში ბენეფიციართა ვაქცინაციაზე მოთხოვნა აქვს გაკეთებული. თავშესაფრის ხელმძღვანელი ილია დემეტრაშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მობინადრეებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას აცრიან. აღსანიშნავია, რომ ამ თავშესაფრის ერთ-ერთ მობინადრეს 28 სექტემბერს COVID-19 დაუდგინდა და ვირუსი უკვე დაამარცხა.

„მე როგორც ვიცი, 25 ოქტომბერს უნდა შემოვიდეს ვაქცინა. ჩვენ ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ და ოქტომბრის ბოლოს უნდა ავიცრათ. 22 მოხუცი გვყავს, ისინი თანახმა არიან, აცრა გაიკეთონ. ჩვენთან კორონავირუსის ერთი შემთხვევა იყო. წესებს ვიცავდით და მეტად აღარ გავრცელებულა“.

მუნიციპალურ ჯანდაცვის ცენტრებს ამ დროისთვის მიღებული აქვთ, საშუალოდ, 200-300 ერთეული ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია ორსულებისთვის, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის, მოხუცთა თავშესაფრებისა და რისკჯგუფში შემავალი სხვა ადამიანებისთვის. სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ლია შიუკაშვილი ამბობს, რომ გასული დღეების განმავლობაში სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 190 ვაქცინა მიიღეს, რომელიც უკვე გახარჯულია. შიუკაშვილს ვკითხეთ, ხომ არ დაგვიანდა და როდის აცრიან წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს.

სიღნაღი
სიღნაღი

„აცრები არ გვიანდება, იმიტომ რომ კარგი ამინდებია და სეზონური ვირუსები ჯერ არ ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, ვინც ახლა აიცრება, იმუნიტეტის გამომუშავებას მოასწრებს. ეს ვაქცინა 4 ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოა, რომელიც 100-პროცენტიან შედეგს იძლევა. ჩვენ ვაქცინაცია უკვე ჩავატარეთ ბოდბისხევის მოხუცთა თავშესაფარში. ახლა ველოდებით დამატებით ვაქცინას და წნორის თავშესაფარშიც შევალთ“.

ამ დროისთვის სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ერთეული მიიღეს ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც, რომელიც ქალაქისა და სოფლების პოლიკლინიკებზე გადაანაწილეს. უწყების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ წელს ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯამში, მუნიციპალიტეტში წელს 3 000 ვაქცინას ელოდებიან, რომელიც, ნუნუ ნოზაძის თქმით, რისკჯგუფებისთვის საკმარისია.

ნუნუ ნოზაძე, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
ნუნუ ნოზაძე, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

„გასულ წლებში ხალხს ვეხვეწებოდი, რომ პოლიკლინიკაში მისულიყვნენ და აცრა გაეკეთებინათ, მაგრამ არ მიდიოდნენ, ყველას ეშინოდა. ახლა სხვა ვითარებაა, აცრა ყველას უნდა. მაინცდამაინც კორონავირუსი უნდა იყოს, რომ თავი დაიცვა? მართალია, COVID-19 ამოუცნობი ვირუსია და ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ სეზონური ვირუსებიც საშიშია. ჩვენ პირველ ეტაპზე ვაქცინა მივიღეთ ორსულებისთვის, დიალიზზე მყოფებისთვის, დიაბეტიანებისთვის და სხვა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. 29 ოქტომბერს ველოდებით ვაქცინის დამატებით ერთეულებს“.

მიუხედავად სპეციალისტების არაერთი თხოვნის და მოწოდებისა, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა სეზონურ ვირუსებზე ვაქცინაცია ჩაიტარონ, ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ მათ განვითარებული იმუნიტეტი აქვთ და არანაირი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებენ. მოსახლეობის ნაწილი, კონკრეტული არგუმენტის გარეშე, იმასაც ამბობს, რომ თუ კოვიდ-19-ის ვაქცინა იქნება, არც მას გაიკეთებენ.

თუმცა, სხვაგვარადაც ფიქრობენ. ზოგი ადგილობრივი წუხს და ამბობს, რომ ვაქცინა იგვიანებს და, შესაძლოა, გვიან გაკეთებულ აცრას სრულყოფილი ეფექტი აღარ ჰქონდეს.

ბოლო ერთი თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამის პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სეზონური ვირუსების გააქტიურებას ოქტომბრის ბოლოდან ვარაუდობენ. მედიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ლაბორატორიული კვლევების გარეშე გაძნელდება კოვიდ-19-ისა და სეზონური გრიპის ვირუსის ერთმანეთისგან გარჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG