Accessibility links

შს მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა


საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა. გომელაური და მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, ამ წუთებში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა.

შეხვედრა, სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.

პოლიციის შენობაში შესვლისას შს მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში ,„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG