Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი


ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს აბუ მუჰსინ ალ-მასრი, „ალ-ყაიდის“ ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთი წამყვანი პირი, რომელზეც ასევე შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა გამოცხადებული ძებნა. ავღანეთის უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა გამოაცხადა, რომ ალ-მასრი, რომელიც „ალ-ყაიდის“ იერარქიაში მეორე ნომრად მიიჩნეოდა, სპეცსამსახურების მიერაა მოკლული ღაზნის პროვინციაში. უწყებას არ დაუზუსტებია ოპერაციის დეტალები და დრო.

ეგვიპტური წარმომავლობის ალ-მასრი „ალ-ყაიდის“ ლიდერი იყო ინდოეთის სუბკონტინენტზე და ის ტერორისტულ ორგანიზაციაში მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს განაგებდა.

ამასობაში ყატარში გრძელდება მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის, რომლის მიზანია 19-წლიანი ომის დასრულება.

25 ოქტომბერს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მასუდ ანდარაბიმ განაცხადა, რომ ალ-მასრის მოკვლა თალიბანისა და „ალ-ყაიდის“ კავშირებზე მიანიშნებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მეამბოხეებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებები თითქმის ყოველდღე ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG