Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: დამსაქმებლების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევაა


კერძო კომპანიების მიერ მოქმედი თანამშრომლებისა და სამსახურის მაძიებლების შესამოწმებლად „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, - აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC):

„ტესტირება ქმნის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკებს. ასევე, შესაძლოა ამგვარმა პრაქტიკამ დაარღვიოს დასაქმებულის უფლება, დაცული იყოს დისკრიმინაციისგან“.

EMC ეხმაურება რადიო თავისუფლების 23 ოქტომბრის სტატიას, რომელიც მკითხველს მოუთხრობს, როგორ და რატომ იყენებენ დამსაქმებლები პოლიგრაფოლოგის მომსახურებას და ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ დამსაქმებლების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების შეფასებისას არგუმენტად ვერ გამოდგება დასაქმებულის თანხმობის არსებობა. ორგანიზაციის შეფასებით, უმრავლეს შემთხვევაში თანხმობა შეიძლება არ იყოს თავისუფალი ნების გამოვლენა, რადგან დასაქმებული და დამსაქმებელი თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.

„ეკონომიკური იძულების გამო, დასაქმებულს ხშირად სხვა რეალისტური არჩევანი არ გააჩნია, გარდა დამსაქმებლის მსგავს შეთავაზებაზე დათანხმებისა. სწორედ ამიტომ, დასაქმებულის თანხმობა ავტომატურად ვერ მიიჩნევა, როგორც მისი ნებაყოფლობითი თანხმობა“, - აცხადებს EMC.

საქართველოში არ არსებობს პოლიგრაფით ტესტირების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო, რის გამოც, EMC-ის შეფასებით, „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება დამსაქმებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში არაპროპორციული ჩარევა და პერსონალური მონაცემების გაუმართლებელი დამუშავებაა.

EMC მოუწოდებს:

  • საქართველოს სახალხო დამცველს - შეისწავლოს „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების პრაქტიკის კანონიერება;
  • შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს - დაინტერესდეს მშრომელების „სიცრუის დეტექტორით“ შემოწმების პრაქტიკით და გამოავლინოს შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევები გაფართოებული მანდატის ამოქმედების შემდეგ, 2021 წლის 1 იანვრიდან.

კერძო კომპანიებს, მათი მოქმედი თუ მომავალი დასაქმებულების შესამოწმებლად პოლიგრაფიულ მომსახურებას შპს „სიცრუის დეტექციის ცენტრი” სთავაზობს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 400 ადამიანს ამოწმებს. ცენტრის მომსახურებით ძირითადად სარგებლობენ სადისტრიბუციო კომპანიები, ქოლ-ცენტრები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე, ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი.

წაიკითხეთ მეტი: საქართველოში კერძო კომპანიები თანამშრომლებს „სიცრუის დეტექტორზე“ ამოწმებენ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG