Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1678 მედიკოსი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პერსონალიდან დადასტურებულად კორონავირუსით ინფიცირებულია 1678 პირი, რომელთაგან ნაწილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაწილი კი საყოფაცხოვრებო, საოჯახო ვითარებაში დაინფიცირდა. მისი თქმით, რაოდენობა მზარდია, თუმცა საერთო რაოდენობასთან შედარებით ექიმების პროცენტული რაოდენობა მცირდება და ამ დროისთვის 5,2%-ია.

„დღეს დილით ასეთი [ექიმების ინფიცირების] იყო 90 შემთხვევა. ჩვენ, სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ საზოგადოების და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ეს ყველგან ასეა. სექტემბრის პირველ კვირამდე გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, სხვადასხვა დროს პროცენტული მაჩვენებელი მერყეობდა 9-დან 12-13%-მდე, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 5,2%-ს. საერთო რაოდენობაში გაზრდილია, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 32 127 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG