Accessibility links

გიგა ბოკერიას თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ ქვეყნის "ჩაკეტვას" ფიქრობს


"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია არჩევნების ჩატარების შემდეგ, 2 ნოემბრიდან "ლოკდაუნის" გამოცხადებას გეგმავს. ბოკერიამ ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დისკუსიის მოწყობა შესთავაზა.

"ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები... ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა", - განაცხადა ბოკერიამ.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს განცხადებას ქვეყნის შესაძლო ჩაკეტვაზე. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ "ლოკდაუნი" არ იგეგმება, არ არის ასეთი განზრახვა და ეს არის მკაფიოდ გაცხადებული.

"რაც შეეხება "ლოკდაუნს", ერთადერთი, ქართველი ხალხი "ლოკდაუნს" გამოუცხადებს 31 ოქტომბერს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს", - თქვა მან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება. ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებდა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნის "ჩაკეტვა" არ იგეგმება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2000-მდე აღწევს, ჯამში კი ვირუსი 34 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 253 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG