Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბიც


პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას”, ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი „კრიმინალ ვანო მერაბიშვილის“ ხელმძღვანელობით.

კობახიძის განცხადებით, ამ შტაბის ამოცანაა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მარნეულზე, ბოლნისზე, დმანისზე, ბათუმზე, ზუგდიდსა და გლდანზე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად განიხილავს შეიარაღებული ამბოხების სცენარს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

კობახიძემ მაგალითად მოიყვანა „რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული" კომპანია IPM-ისთვის დაკვეთილი კვლევა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ანკეტაში ჩაწერეს შეკითხვა, პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ და პასუხებში მოქალაქეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ ასარჩევად შესთავაზეს სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება: „აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს, კრიმინალურ ოპოზიციას, არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა“.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ჰპირდება მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG