Accessibility links

უსინათლო ბავშვები დისტანციურად სწავლობენ - საქართველოში ეს შესაძლებელია? 


უსინათლო და მცირედმხედველ ბავშებს დისტანციური სწავლებისას სპეციფიკური პრობლემები შეექმნათ. სათანადო პროგრამების არარსებობის გამო, ისინი განათლების სრულფასოვნად მიღებას ვერ ახერხებენ.

უსინათლო ბავშვების N202 საჯარო სკოლა ახლა კარანტინშია და მისი 50-მდე მოსწავლე იძულებულია განათლება ონლაინ გაკვეთილებით მიიღოს. საჯარო სკოლა, სადაც უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები სწავლობენ, საქართველოში ისედაც ერთადერთი იყო.

გიორგი ელბაქიძე N202 სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ამბობს, რომ ყველაზე რთული სპორტისა და ინფორმატიკის გაკვეთილებია, რადგან ინფორმატიკის მასწავლებელი ვერ ხედავს, მოსწავლე კომპიუტერთან რას აკეთებს“.

ადვილი არც ქართული ენა და ლიტერატურაა. თამილა აბაშია, რომელიც ამ საგანს ასწავლის და თავადაც უსინათლოა, ჰყვება, რომ ბავშვებს მეცადინეობები სრულყოფილად ვერ უტარდებათ.

ჩვენი ხმოვანი სინთეზატორი ყველაფერს გვიკითხავს, რაც მონიტორზეა, მაგრამ კლავიატურით ეს სინთეზატორი არ იმართება, მაუსით კი უსინათლოები არ ვსარგებლობთ. არ იმართებაზუმი“, „ტიმსი“, სხვადასხვა საიტები... გამოდის, რომ მე-19 საუკუნეში ვართ ჩარჩენილი. დღეს მესინჯერში ჩავატარე გაკვეთილი და - იქაც ინტერნეტია ცუდი თუ რა, არ ვიცი - წრიპინი და ჭყვიტინი ისმოდა. ძალიან გვეშლება ხელი“.

საგანმანათლებლო სტრუქტურები ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ.

გვიპასუხეს, თქვენი პრობლემა რეალურია და გვესმის, მაგრამ ჯერ ვერ დაგეხმარებითო“, - ამბობს თამილა აბაშია.

უსინათლოთა სკოლაში სწავლობენ ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც არა მხოლოდ მხედველობის, არამედ განვითარების პრობლემებიც აქვთ და ბევრ მათგანთან ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო.

მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება-საქართველოს“ ხელმძღვანელი გია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ უსინათლო ბავშვებისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასვლა პრობლემური აღმოჩნდა - არ არსებობს წესები და გაიდლაინები, თუ როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში.

„ბავშვებს არა აქვთ სპეციალიზებული გაჯეტები, ხარისხიანი ყურსასმენები, ხარისხიანი ინტერნეტკავშირი და ასე შემდეგ. ასევე პრობლემაა მობილობის გაკვეთილების ან კულინარული გაკვეთილების ონლაინ ჩატარება. თუ უშალოდ N202 სკოლაზე ვლაპარაკობთ, 50 ბავშვის ტექნიკურად აღჭურვა არ უნდა ყოფილიყო ძალიან რთული“.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც ინკლუზიურ პროგრამებში არიან ჩართული და სხვა სკოლებში სწავლობენ, გიორგი ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პედაგოგების კომპეტენციის პრობლემაც შეიქმნა - მასწავლებლებმა არ იციან როგორ ასწავლონ ასეთ ბავშვებს დისტანციურად.

გიორგი ჯვარშეიშვილს მიაჩნია, რომ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა დრო მომზადებულიყო - მაგალითად, შეეძლო თუნდაც მობილობის გაკვეთილების ჩასატარებლად სპეციალისტები აეყვანა. მობილობის გაკვეთილები უსინათლოებს ისეთ უნარ-ჩვევებს სძენს, რომელიც მათ საზოგადოებაში ადაპტაციასა და სოციალიზაციაში ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG