Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს რადიკალურ ოპოზიციას დესტრუქციული გეგმები აქვს


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისთვის აქვს დესტრუქციული გეგმები, რომლითაც იგი საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას შეეცდება.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ამ გეგმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია გეგმავს ხელოვნურად შექმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით და სხვადასხვა გზით შეაფერხოს კომისიების საქმიანობა. მათ შორის ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ იმაზე საუბარი, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს. ამას გარდა, ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია გეგმავს მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანას და აჟიოტაჟის შექმნას იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა.

„- იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა

-იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით

-იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით

-იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად

-უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ - ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა.

-საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. კერძოდ, ირაკლი კობახიძის თანახმად, ოპოზიცია ე.წ. პროვოკაციების ეპიცენტრებად ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს მოიაზრებს.

დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად, ირაკლი კობახიძის შეფასებით, განიხილებიან მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“.

"მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბრიფინგზე მან აღნიშნა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ცნობა იმის შესახებაც, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ.

„ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში.

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება ნაცმოძრაობა 19 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო - 4 პროცენტიან ნიშნულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG