Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (ცენტრში) და ნიცის მერი კრისტიან ესტროსი. 2020 წ. 29 ოქტომბერი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (ცენტრში) და ნიცის მერი კრისტიან ესტროსი. 2020 წ. 29 ოქტომბერი.

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა ნიცასა და ავინიონში დანით განხორციელებული ორი თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიცია და არმია იქნებიან მობილიზებული. პარასკევს გაიმართება თავდაცვის საბჭოს სხდომა.

კასტექსის თქმით, საფრანგეთი შეეჩეხა „მხდალ და ბარბაროსულ“ თავდასხმას, რომელმაც მთელი ქვეყანა გლოვაში ჩააგდო.

დანით თავდასხმები ხუთშაბათს დღისით მოხდა. ნიცაში ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს ნოტრ-დამის ბაზილიკას, ორი ადამიანი ეკლესიის შიგნით მოკლა, მათ შორის ერთს, ხნიერ ქალს, თავი მოჰკვეთა, ერთი ადამიანი კი ეკლესიის გარეთ მოკლა. როგორც იტყობინებიან, თავდასხმისას და მის შემდეგაც ის გაჰყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“ („დიდ არს ალაჰი“). ის დაკავებულია და საავადმყოფოში იმყოფება. თავდამსხმელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, ქალაქში დაკეტილია ყველა ეკლესია, თავდასხმას იძიებენ როგორც ტერაქტს.

ამ ინციდენტიდან ორ საათში საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ავინიონში მამაკაცი შეეცადა, დანით დასხმოდა თავს პოლიციელებს. ის გამვლელებს ემუქრებოდა და ყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“. პოლიციელებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საუდის არაბეთში დაკავებულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც ჯიდაში საფრანგეთის საელჩოს მცველს დაესხა თავს. მცველი მსუბუქად დაიჭრა.

ნიცაში ჩაფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან განაცხადა, რომ ქვეყანაზე განხორციელდა მორიგი „ისლამისტური თავდასხმა“.

„თუკი ჩვენ კვლავ დაგვესხნენ თავს, ამის მიზეზია ჩვენი ღირებულებები, თავისუფლებები, აღმსარებლობის თავისუფლება და სურვილი, არ დავნებდეთ ტერორს,“ თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, მობილიზებული იქნება 7 ათასამდე სამხედრო. ქვეყანაში გააძლიერებენ ტაძრების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG