Accessibility links

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: უკრაინული "რადას" დამკვირვებელთა ჩარტერული რეისი ქართული მხარის გამო არ გაუქმებულა


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო არ გაუქმებულა. სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი გახდა ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მიმართვა.

„გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია “SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.

თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა”, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი, პარლამენტარი ელიზავეტა იასკო, აცხადებდა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლების სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს.

„დღეს საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე. ასეთი გადაწყვეტილება წუხილს იწვევს, ვინაიდან საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამ გამჭვირვალობას და, როგორც შედეგს, არჩევნებისადმი ნდობას, მათ შორის, დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენ“, - უთხრა იასკომ „ევროპეისკაია პრავდას“.

უკრაინელმა დეპუტატმა დასძინა, რომ უკრაინა ითანამშრომლებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარისა იქნება პრემიერ-მინისტრი.

დღეს, 30 ოქტომბერს, კითხვა უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლის ჩაშლის მიზეზებზე ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც დაუსვეს. პრემიერმა განაცხადა, რომ არ არის ამ საკითხის საქმის კურსში და დაინტერესდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG