Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო


ხმის უფლების მქონე მოქალაქეები საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატს ირჩევენ - 120-ს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული სისტემით.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი. მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრის 489 კანდიდატი. 11-ის გარდა, ყველა პარტიების და ბლოკების მიერაა წარდგენილი. 11 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ. ამ მიზნით 10 845 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

უცხოეთის 38 ქვეყანაში გახსნილია 52 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 ამომრჩეველი.

არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 მეთვალყურე.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით და იყოს დამცავი ნიღბით, რომელსაც მხოლოდ მცირე ხნით, იდენტიფიცირებისთვის მოიხსნის. ყველა ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალმისტარი, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა მოათავსოს სპეციალურ კონტეინერში.

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. თუ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში აღემატება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი თანმიმდევრობით განაწილდება იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG